
აიდინლარის სამშენებლო კომპანიის ერთერთ ქარხანაში მუშაობა განუწყვეტლივ მიმდინარეობს. კომპანია მსხვილ სამშენებლო პროექტებზე მუშაობს და სამშენებლო მასალებს, ტურბინებსა და ტუმბოებს აწარმოებს.
კომპანიის ერთერთი აღმასრულებელი პირი ომერ აიდინლარი აღნიშნავს, რომ წარმატებული კომერციული საქმიანობა, უწინარეს ყოვლისა, განპირობებულია ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებთან თურქეთის მზარდი ეკონომიკური კავშირებით.
„ჩვენთვის ახლო აღმოსავლეთი ძალიან მნიშვნელოვანია. იქ დიდი ცვლილებები შეინიშნება. მაგალითად, გაერთიანებული არაბული საემიროებიდან თურქეთში სულ უფრო მეტი ხალხი შემოდის. ამას გარდა, თურქეთში კანონმდებლობა და გარემო სწრაფად იცვლება და შედეგად ქვეყანაში ბევრი ახალი საინვესტიციო პროექტი შემოდის.ვითარდება კავშირები ახლო აღმოსავლეთის რეგიონის წარმომადგენლებთან
"რასაკვირველია, როცა უცხოელები თურქეთში შემოდიან და აქ ერთობლივ კომპანიებს ქმნიან, ეს იმას ნიშნავს, რომ თურქი ინვესტორები და ბიზნესმენები შემდეგ უკან დაბრუნდებიან“ - აღნიშნა ომერ აიდინლარმა.
ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ თურქეთის მთავრობის მიერ ახლო აღმოსავლეთის მეზობელ სახელმწიფოებთან კავშირების განმტკიცებისაკენ მიმართული პოლიტიკა, ერთერთ ბერკეტს წარმოადგენს, რისი მეოხებითაც ანკარა ევროპის ბაზრებზე დამოკიდებულების შემცირებას ცდილობს. მაგრამ თურქეთის ყურადღებას არა მხოლოდ ახლო აღმოსავლეთი იპყრობს.
ამ სატელევიზიო განცხადების ავტორია თურქული კომერციული კონფედერაცია "მუსიადი", რომელიც აფრიკაში ბაზრების ათვისებას ცდილობს. "მუსიადის" ყოფილი ხელმძღვანელი ომერ ბოლატი აღნიშნავს, რომ თურქეთმა გლობალური ეკონომიკური კრიზისი წარმატებულად დასძლია იმის გამო, რომ ქვეყნის კომერციული საქმიანობა უცხოეთის სხვადასხვა სამიზნე ბაზრების ათვისებისკენ იყო მიმართული.
„თურქეთი ევრაზიული ბაზრების, ახლო აღმოსავლეთის სპარსეთის ყურის ქვეყნების, აფრიკის სახელმწიფოების და განსაკუთრებით კი, ჩრდილოეთ აფრიკის ქვეყნების ბაზრების ათვისებას ცდილობს “ - აღნიშნა ომერ ბოლატმა.
ამ პოლიტიკის განხორციელების შედეგად, თურქეთი ახლა დივიდენდებს ღებულობს, რაც ექსპორტზე გაგზავნილი პროდუქციის რეკორდულ ზრდაში გამოიხატება.
"თურქეთის ეკონომიკური აღმავლობის ჩქარი ტემპი ქვეყნის ფინანსური სექტორის სიმტკიცესაც უკავშირდება" - აღნიშნავს თურქული სავაჭრო სახლის "Global Securities"-ის მთავარი ეკონომისტი ემრე იგიტი:
„ჩვენ 2001 და 2002 წლების კრიზისის გაკვეთილები კარგად შევისწავლეთ. როგორც მოგეხსენებათ, მაშინ ჩვენმა საბანკო სექტორმა პატარა კრიზისი განიცადა, რომლის მოგვარებას მთლიანი ეროვნული შიდა პროდუქტის 30-35 პროცენტი დასჭირდა “- აღნიშნა თურქმა ეკონომისტმა.
საბანკო სექტორის კრიზისის შემდეგ საერთაშორისო სავალუტო ფონდმა თურქეთს გარკვეული ზომების მიღება ურჩია, რის შედეგადაც თურქული საბანკო სექტორი ამჟამად მსოფლიოში ერთერთ ყველაზე ეფექტურად ითვლება. დიდი ოცეულის ქვეყნებს შორის თურქეთის მოსახლეობის პირადი დავალიანების დონე ყველაზე დაბალია და თურქეთის მთავრობამ წელს სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტის შემცირებაც შეძლო.
იგიტი შიშობს, რომ ეკონომიკური აღმავლობის მიუხედავად, თურქეთის ეკონომიკას ახლო მომავალში გარკვეული საფრთხეები ემუქრება.
„თვით ის ფაქტი, რომ ჩვენ ევროპელ სავაჭრო პარტნიორებს წელს ხუთჯერ ან ათჯერ ვუსწრებთ, იმას ნიშნავს, რომ საგადამხდელო ბალანსში დეფიციტი დაფიქსირდა, რომელიც მომავალ წელს კიდევ უფრო გაიზრდება. ანუ მსოფლიოში ჩვენ საგადამხდელო ბალანსის დეფიციტის დონით მესამე ან მეოთხე ადგილზე გავალთ. ვფიქრობ, რომ საშუალოვადიან პერსპექტივაშიც კი ამგვარი ტრაექტორიის შენარჩუნება შეუძლებელი იქნება “ - დასძინა იგიტმა.
ანალიტიკოსები ამ მოსაზრებას იზიარებენ. შთამბეჭდავი ეკონომიკური გამოცოცხლების ფონზე თურქეთის ეკონომიკის დამოკიდებულება იმპორტსა და შიდა მოხმარებაზე პოტენციურად საშიშ მდგომარეობას ქმნის, როცა გადასახადების ბალანსის დეფიციტის შევსება სპეკულაციური ინვესტიციების ხარჯზე მოხდება, რის გამოც თურქეთის ეკონომიკურ სასწაულს შეიძლება მძიმე შედეგები მოჰყვეს.
No comments:
Post a Comment