Monday, February 28, 2011

საქართველოში საწვავი კიდევ ერთხელ გაძვირდა

საქართველოში საწვავი კიდევ ერთხელ გაძვირდა
რადიო "კომერსანტი", FM 95,5 
საქართველოში საწვავი კიდევ ერთხელ გაძვირდა.  დღეიდან 5 თეთრით არის გაზრდილი როგორც „სუპერის“ ისე ევროდიზელის ფასი. „ვისოლის“ და „ლუკოილის“ ქსელში სუპერი 2 ლარი და 25 თეთრი ღირს. დიზელის ფასი „ლუკოილში“ 2 ლარი და 25, ხოლო „ვისოლში“ 2 ლარი და 30 თეთრია.
რაც შეეხება საწვავის სხვა სახეობებს:  „პრემიუმი“ 2 ლარი და 13 თეთრიდან 2 ლარი და 20 თეთრამდე ღირს, ხოლო რეგულარი 2 ლარი და 5 თეთრიდან 2 ლარი და 10 თეთრამდე მერყეობს. საქართველოში მიმდინარე წლის დასაწყისიდან საწვავი უკვე მეორედ გაძვირდა. ნავთობიმპორტიორები ფასების დღევანდელ ზრდას საერთაშორისო ბაზარზე არსებულ ვითარებას უკავშირებენ.
შეგახსენებთ: ლიბიაში სამოქალაქო ომის გამო ლონდონის ბირჟაზე ბარელი ნავთობი 112,14 დოლარამდე გაძვირდა.

Wednesday, February 9, 2011

იანვრის ინფლაციამ 7-წლიანი რეკორდი დაამყარა

იანვრის ინფლაციამ 7-წლიანი რეკორდი დაამყარა

2011 წლის იანვარში 2010 წლის იანვართან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 12.3 პროცენტი შეადგინა, რაც 2004 წლის შემდეგ, აღნიშნული თვის მაქსიმალური მაჩვენებელია. მონაცემს სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს. უწყების ინფორმაციით, 12-თვიან პერიოდში აღნიშნული მაჩვენებლის ფორმირებაში ძირითადი გავლენა იქონია ფასების მატებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: მოცემულ პერიოდში ფასები გაიზარდა 25.2 პროცენტით. 
აღნიშნული მაჩვენებელი კი ძირითადად განაპირობა ფასების მატებამ ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე - 50.8 პროცენტით, ხილსა და ყურძენზე – 38.3 პროცენტით, ზეთსა და ცხიმზე – 35.5 პროცენტით, პურის და პურპროდუქტების ჯგუფზე - 20 პროცენტით, შაქარსა და საკონდიტრო ნაწარმზე - 16.6 პროცენტით.
ტრანსპორტის წილმა 0.7 პროცენტი შეადგინა, 12 თვის განმავლობაში ფასების მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა დიზელის საწვავზე - 20.5 პროცენტი, და ბენზინზე - 13.7 პროცენტი.
ფასების 7%-იანი შემცირება დაფიქსირდა კავშირგაბმულობის ჯგუფზე.

commersant.ge

Thursday, February 3, 2011

ტყიბულში 300-მეგავატიანი, ქვანახშირზე მომუშავე თბოელექტროსადგურის მშენებლობა იწყება

"საქართველოს ინდუსტრიულმა ჯგუფი" ასეულობით მილიონი ევროს ღირებულების 2 პროექტს განახორციელებს
  03.02.11 "ჯი-ეიჩ-ენი"



„საქართველოს ინდუსტრიულმა ჯგუფი" (GIG) ასეულობით მილიონი ევროს ღირებულების 2 პროექტს განახორციელებს.
GIG-ის მენეჯმენტმა 3 თებერვალს უცხოელ პარტნიორებთან სასტუმროში „რედისონი" გამართულ შეხვედრაზე პირველად შეთანხმებას უკვე მიაღწია.
საუბარია GIG-ის მიერ ტყიბულში 300-მეგავატიანი, ქვანახშირზე მომუშავე თბოელექტროსადგურის მშენებლობასა და ქვანახშირის ახალი მაღაროების განვითარებაზე.
მოლაპარაკებებში დასავლური საინვესტიციო, საკრედიტო და საინჟინრო-საპროექტო კომპანიების მენეჯერები მონაწილეობენ. კერძოდ, ჩეხური „შკოდა ინვესტი", „სოსიეტე ჟენერალეს" ბანკი ჩეხეთში „კომერც ბანკი" და საქართველოში ბანკი „რესპუბლიკა".
როგორც პარტნიორებთან გამართული შეხვედრის შემდეგ, GIG-ის ბიზნეს-პროექტების განვითარების დირექტორმა გიორგი ცანავამ ჟურნალისტებს განუცხადა, პროექტების განხორციელება დადებით ეფექტს არა მხოლოდ „საქართველოს ინდუსტრიულ ჯგუფს", არამედ მთლიანად საქართველოს მოუტანს. „მიღწეული პირველადი შეთანხმებით ჩეხური კომპანიები „ენერგია" და „შკოდა ინვესტი", პროექტში მონაწილეობაზე თანხმობას აცხადებენ. საუბარია ასეულობით მილიონი ევროს ინვესტიციის განხორციელებაზე, პროექტის ფარგლებში ტყიბულის მაღაროში ნახშირის მოპოვების მაჩვენებელი გაათმაგდება, დაინარგება ახალი ტექნოლოგიები და გაიზრდება უსაფრთხოება, პროექტების განხორცეილების შედეგად დამატებით შეიქმნება ათასობით სამუშაო ადგილი," - განმარტავს ცანავა.
პროექტის განხორციელებაში მონაწილეობას მიიღებენ აგრეთვე ცნობილი დასავლური კომპანიები, მათ შორის, საინჟინრო-სამშენებლო კომპანია „ენერგია", საკონსულტაციო კომპანია ჩძMთ და ჩეხეთის სახელმწიფო სადაზღვევო კომპანია EGAP. დაკრედიტებისთვის საჭირო თანხებს „სოსიეტე ჯენერალის" წარმომადგენლობა ჩეხეთში „კომერც ბანკი" გაიღებს, ბანკი „რესპუბლიკა" კი შუამავალი ბანკის ფუნქციას შეასრულებს.
როგორც „კომერც ბანკის" ვიცე-პრეზიდენტი პაველ ვასელბაური ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტავს, პროექტის ღირებულება 500 მლნ ევროზე მეტია. „ამ ეტპაზე განვიხილავთ დეტალებს, თუ რა ოდენობის თანხა უნდა იქნას გამოყენებული ინვესტორების მიერ და რა თანხას გაიღებს „კომერც ბანკი". პროექტი ორი ნაწილისგან შედგება და თითოეულის სავარაუდო ღირებულება 50-დან 200 მილიონ ევრომდეა".
პროექტის განხორციელებას GIG სავარაუდოდ წლის ბოლოს დაიწყებს. ახალი თბოელექტროსაგურის მშენებლობა 4 წელში დასრულდება.

„შკოდა ინვესტის" წარმომადგენელი მილოშ მოსტეცკი განმარტავს, რომ კომპანიამ 38 ათასი მეგავატი სიმძლავრის თოელექტროსადგურები მთელს მსოფლიოში, ჩინეთიდან ლათინურ ამერიკამდე, ააშენა. „გვსურს საკუთარი გამოცდილება გავუზიაროთ ჩვენს კოლეგებს და ვაპირებთ საქართველოში 300-მეგავატიანი სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობას, რომელიც ქვანახშირით მომარაგდება. სამუშაოებს უახლოეს მომავალში დავიწყებთ, თუმცა ამჯერად მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ და მზად ვართ პროექტის განსახორციელებლად," - განაცხადა მოსტეცკიმ.
როგორც GIG-ის მენეჯმენტი განმარტავს, პროექტზე ინტენსიური მოლაპარაკებები ცნობილ დასავლურ კომპანიებთან ერთი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა.
„საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის" წარმოადგენს ყველაზე მსხვილ ჯგუფს, რომელიც დაარსდა 2006 წელს და უკვე განახორციელა ათობით მილიონის ინვესტირება საქართველოს ეკონომიკაში. ჰოლდინგი აერთიანებს და მართავს კომპანიებს ენერგეტიკის, ბუნებრივი რესურსების მოპოვება-დამუშავების, სამშენებლო მასალების წარმოების, ლოჯისტიკური მომსახურების, დეველოპმენტის, მედია-ბიზნესის და სხვა სფეროებში.


Wednesday, February 2, 2011

გიორგი ბარამიძე კოალიცია ,,ევროპული საქართველოსთვის,, საბჭოს წევრებს შეხვდა

გიორგი ბარამიძე კოალიცია ,,ევროპული საქართველოსთვის,, საბჭოს წევრებს შეხვდა

1 თებერვალი, 2011


დღეს სახელმწიფო კანცელარიაში ვიცე-პრემიერ მინისტრი  გიორგი ბარამიძე კოალიცია ,,ევროპული საქართველოსთვის,,  საბჭოს წევრებს შეხვდა, სადაც  საქართველოში მოქმედი სამოცდაათზე მეტი სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციაა  გაერთიანებული.

კოალიცია ევროკავშირ- საქართველოს მოლაპარაკებებში სამოქალაქო სექტორის აქტიური მონაწილეობის მხარდაჭერას ისახავს მიზნად.

საქართველოს საზოგადოების მაქსიმალურად ინფორმირების მიზნით  და  საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესის გამჭვირვალედ წარმართვისათვის კოალიცია ,,ევროპული საქართველოსთვის“ სახელისუფლებო და ევრო-სტრუქტურებთან თანამშრომლობით აქტიურად განახორციელებს ინტეგრაციის პროცესის მონიტორინგს.

ვიცე-პრემიერ მინისტრის საზოგადოებრივ მრჩეველთა საბჭოსთან, სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებსა და გაერთიანებებთან ასეთი სახის შეხვედრები რეგულარულად იმართება, სადაც ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის აქტუალური საკითხები განიხილება.

თუ უფრო მეტის მოსწრება გინდათ

თუ უფრო მეტის მოსწრება გინდათ

ადამიანების უმრავლესობა, ვინც არც საქმის კეთების მოტივაციის ნაკლებობას უჩივის და არც თვითონ საქმის ნაკლებობას, მუდმივად წუხს იმის გამო, რომ არ ყოფნის დღე-ღამეში 24 საათი, კვირაში შვიდი დღე და წლის განმავლობაში 365 დღე. მიუხედავად იმისა, რომ გვიან ღამემდე მუშაობენ, თითქოს ყოველთვის რაღაცას აკეთებენ და მუდმივად ცდილობენ, ყოველ დღე რაც შეიძლება მეტი საქმის გაკეთება მოასწრონ, მაინც ბევრი რამ დაუსრულებელი რჩებათ, მიზნები-მიუღწეველი, ამოცანები-გადაუჭრელი.
თუ უფრო მეტის მოსწრება გინდათ და ეძებთ საკუთარი ცხოვრების და მუშაობის უფრო სწორად ორგანიზების გზებს, მაშინ სცადეთ, გააკეთოთ ცოტა, მაგრამ აუცილებლად რეგულარულად, ჩაგდების გარეშე და რაც მთავარია, ერთი და იმავე დროს და გაოცდებით, რამდენად გაიზრდება თქვენ მიერ გაკეთებული საქმის მოცულობაც და ხარისხიც, ასევე სიამოვნება, რომელსაც მუშაობიდან მიიღებთ.
რამოდენიმე რჩევა, რომელიც ამ პატარა ცვლილებაში შეიძლება დაგეხმაროთ:
1. დაიძინეთ რაც შეიძლება ადრე ყოველ საღამოს და სულ მალე საკუთარ განკარგულებაში აუარებელ თავისუფალ დროს აღმოაჩენთ. შესრულებული სამუშაოს მოცულობაც რამოდენიმეჯერ გაგეზრდებათ (ხარისხთან ერთად). კაცმა რომ თქვას, რა არის ამაში გასაკვირი. ადრე დაძინება ხომ ადრე გაღვიძებას ნიშნავს (მიუხედავად იმისა ვის რამდენი საათის ძილი ესაჭიროება ნორმალური ფუნქციონირებისთვის). დილის საათები ბევრად ნაყოფიერია, ადრე გაღვიძებული ადამიანი, მით უმეტეს თუ ძილიც არ დაკლებია, ხასიათზეც უკეთესზეა და მხნეობასაც უფრო დიდხანს ინარჩუნებს. საქმესაც ბევრს აკეთებს და დროც ბევრად მეტი აქვს. ადამიანისთვის დამახასიათებელი ბუნებრივი ციკლიც ასეთ რეჟიმთან ბევრად ახლოსაა, ვიდრე იმასთან, რომლითაც როგორც წესი, ვცხოვრობთ.
2. გამოყავით ერთი ან მაქსიმუმ ორი მოქმედება, რომელიც ყოველდღიურად აუცილებლად უნდა გააკეთოთ. მაგალითად: ყოველ დილას დაფიქრდე, რა გაქვს გასაკეთებელი დღის განმავლობაში, ჩამოწერო, მიუწერო რომელია მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი და ყველაზე რთულზე სულ ცოტა ხანი მაინც იფიქრო, როგორ შეიძლება მისი კარგად გაკეთება. ან თქვა, საქმიანობის სპეციფიკის მიხედვით, რომ მინიმუმ ერთი ზარი უნდა გააკეთო კლიენტთან, ან ერთი შეხვედრა ჩაატარო თანამშრომელთან, ან ერთი სატელეფონო ზარი პაციენტთან, 10 პური გამოაცხო, დეტალი გამოჩარხო, სლაიდი მოამზადო, კარგი კადრი გადაიღო. ან რაიმე სხვა, რაც თქვენს უნარებს და შესაძლებლობებს იყენებს და თქვენი ჩვეული საქმიანობის ძირითად პროდუქტს წარმოადგენს. ყოველ დღიურად მცირეს, მაგრამ რეგულარულად კეთება (სასურველია ერთი და იმავე დროს) იმ საქმის კეთებასაც სრულყოფილებამდე მიიყვანს, ჯამში შესრულებული სამუშაოს მოცულობასაც ძალიან გაზრდის და თქვენც უფრო მეტ სიამოვნებას მიიღებთ ამ პროცესისგან, არ გადაიღლებით და არც მოგბეზრდებათ. მთავარია ისეთი რამე გადაწყვიტოთ, რის გაკეთებასაც ნამდვილად შეძლებთ ყოველდღიურად და თანაც მნიშვნელოვანი დაძაბვის გარეშე.
3. გამოყავით კვირის დღეების მიხედვით თითო მოქმედება, რომლებსაც კვირიდან კვირამდე გაიმეორებთ. მაგალითად: ყოველ ორშაბათს მთელი კვირის გასაკეთებელი საქმეების ჩამოწერა (სასურველია დღის პირველ ნახევარში) ან დაგეგმვის შეხვედრა თანამშრომლებთან და კვირის სამუშაოებზე შეთანხმება; სამშაბათს - შეხვედრა თანამშრომლებთან მიმდინარე საოპერაციო საკითხების განსახილველად; ოთხშაბათს ზარები ან ვიზიტები კლიენტებთან, ხუთშაბათს შეხვედრა თანამშრომლებლებთან მხოლოდ განვითარების საკითხებზე; პარასკევს შეხვედრა მენეჯმენტის წევრებთან, ან მათთვის ანგარიშების მომზადება-მიწოდება, ან რაიმე ამის მსგავსი. სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე, ძალიან ადვილია დაინახო მოქმედებები, რომელთა განხორციელებაც მუდმივად არის საჭირო და რისთვისაც კვირის ესა თუ ის დღე არის ყველაზე მოსახერხებელი სხვადასხვა მიზეზების გამო. საკმარისია მოინდომო ერთის მხრივ ასეთი მოქმედებების გამოყოფა და მეორეს მხრივ მათი დღეების მიხედვით გადანწილება, რომ ნათლად ხედავ როგორი აუცილებელია კვირის კონკრეტულ დღეს სწორედ ეს კონკრეტული საქმე აკეთო.
4. განსაზღვრეთ წლის თითოეული თვისთვის მხოლოდ ერთი რამ, რომელსაც ყოველ წელს იმ თვეში აუცილებლად გააკეთებთ . მაგალითად იანვარში - ტრენინგზე დასწრება სადმე; თებერვალში - თანამშრომლებთან ერთად მუშაობის მეთოდების ანალიზი და მათი გაუმჯობესების შესაძლებლობების გააზრება; მარტში-ერთ კვირიანი დასვენება ოჯახთან ერთად; აპრილში- პირველი კვარტლის შედეგების ანალიზი და შეფასება; მაისში - მომხმარებლების (ვინც თქვენი მუშაობის შედეგს იყენებს) კმაყოფილების შესახებ ინფორმაციის მოგროვება და ანალიზი; ივნისში - არაფორმალური გასვლითი ღონისძიება თანამშრომლებთან ერთად; ივლისში - ნახევარი წლის შედეგების შესახებ ანგარიშის მომზადება მენეჯმენტისთვის და წლის მეორე ნახევრის გეგმების კორექტირება-შეთანხმება; აგვისტოში - შვებულება, სექტემბერში - ორგანიზაციის, სამსახურის, ან პირადი ძლიერი და სუსტი მხარეების ანალიზი; ოქტომბერში - მომავალი წლის მიზნების, სტრატეგიის, სამოქმედო გეგმების დამუშავება თანამშრომლებთან ერთად; ნოემბერში - მენეჯმენტისთვის პრეზენტაციის მომზადება მომავალი წლის გეგმების შესახებ; დეკემბერში- არაფორმალური ღონისძიება თანამშორომლებთან ერთად წლის დასრულებასთან დაკავშირებით, ან რაიმე ამის მსგავსი. ყველა ორგანიზაციას და ყველა ადამიანს, საქმიანობის სპეციფიკის გათვალისწინებით ასეთი ჩამონათვალი შესაძლოა განსხავავებული ჰქონდეს, მაგრამ თვითონ მისი არსებობა უკვე ზრდის ბევრად მეტი საქმის კეთებისა და ბევრად უკეთესი შედეგების მიღწევის შესაძლებლობას.
5. აუცილებლად შეასრულეთ შერჩეული მოქმედებები ყოველთვის, არ ჩააგდოთ არც ერთი ღონისძიება თორემ ყველაფერი წყალში ჩაგეყრებათ. ყველაზე რთული სწორედ ამ ბოლო პუნქტის შესრულებაა. ერთი და იმავე მოქმედებების რეგულარულად განმეორებას შეუძლია რადიკალურად შეცვალოს თქვენი ცხოვრებაც, თქვენი საქმიანობის შედეგებიც, ერთი შეხედვით წარმოუდგენლად რთული მიზნების მიღწევაში დაგეხმაროთ. ხშირ შემთხვევაში მთელი სირთულე სწორედ ამ რეგულარულობის დაცვას უკავშირდება. თავიდან საკუთარი თავის მიჩვევაა ძნელი, ეჭვიც ბევრია და საფუძველიც იმისათვის რომ ასეთი მოქმედებების უნაყოფობაზე იფიქროთ, ვინაიდან დასაწყისში შედეგი სწრაფად არ უმჯობესდება. მაგრამ, სულ ცოტა ძალისხმევა და რამდენიმე ჯერზე თავის იძულება მალე ამ მოქმედებებს ჩვევაში გადაგიტანთ, რის შემდეგაც იმაზე დაფიქრდებით, როგორ ცხოვრობდით ამის კეთების გარეშე.
თუ ადამიანი რეგულარულად, გამონაკლისის გარეშე, იმეორებს ერთი და იმავე მოქმედებებს, მაშინ ის აუცილებლად მიიღებს განსაკუთრებულ შედეგს. და რაც უფრო რთული იქნება ამ რეგულარულობის შენარჩუნება მისთვის, მით უფრო განსაკუთრებული იქნება შედეგი, რომელსაც ის აქედან მიიღებს. ასე რომ, გადაწყვიტეთ და მერე ყველაფერი გააკეთეთ იმისთვის, რომ ყოველდღიურად, ყოველკვირეულად, ყოველთვიურად აუცილებლად გააკეთოთ ის, რაც გადაწყვიტეთ და თქვენ თვითონ გაოცდებით, როგორ ბევრად ადვილი და სასიამოვნო გახდება ცხოვრებაც და მუშაობაც. დრო თქვენი მთავარი მოკავშირე გახდება. აი ამის შემდეგ კი ისღა დაგრჩენიათ დაელოდოთ შედეგს.

სტატიები მომზადებულია სინერჯი ჯგუფის 
სპეციალისტების მიერ კომპანიის
გამოცდილებაზე დაყრდნობით;
 

ხელისუფლება წლის ბოლოსთვის ინფლაციის 6%–მდე შემცირების ვალდებულებას იღებს

ხელისუფლება წლის ბოლოსთვის ინფლაციის 6%–მდე შემცირების ვალდებულებას იღებს
რადიო "კომერსანტი", FM 95,5 
საქართველოს ხელისუფლება 2011 წლის ბოლოსთვის ინფლაციის 6%–მდე შემცირების ვალდებულებას იღებს. ამის შესახებ საუბარია მთავრობასა და სავალუტო ფონდს შორის გაფორმებული მემორანდუმში.
დოკუმენტში ნათქვამია, რომ პროგნოზების მიხედვით 2011 წლის ბოლოსთვის ინფლაცია 6%–მდე შემცირდება.
ინფლაციის შემცირების ტემპები ფულად-საკრედიტო და საგადასახადო-საბიუჯეტო პოლიტიკას დაემყარება. შეგახსენებთ: 2010 წლის ბოლოს საქართველოში ბოლო სამი წლის განმავლობაში პირველად ორნიშნა – 11,2%–იანი ინფლაცია დაფიქსირდა.