საშემოსავლოს გადახდა ბინის ყველა გამქირავებლისთვის სავალდებულო გახდა |

ბაზარზე ფასების ზრდა უკვე დაიწყო
commersant.ge
ბინის გამქირავებლებისთვის 20%–იანი საშემოსავლო გადასახადის გადახდა სავალდებულოა და, ამ გადასახადისგან თავის არიდების შემთხვევაში ისინი სოლიდური თანხით დაჯარიმდებიან. არ აქვს მნიშვნელობა, ბინა ორგანიზაციაზე ქირავდება თუ კერძო პირზე და რა თანხად აქირავებს მას მეპატრონე – 200 ლარად თუ 2000 დოლარად.
როგორც გავარკვიეთ, იმ შემთხვევაში, თუკი დეკლარირებული უძრავი ქონება ქირავდება, მისი პატრონი ვალდებულია საშემოსავლო გადაიხადოს.
შეგახსენებთ, რომ ახალი საგადასახადო კოდექსის თანახმად, ფიზიკური პირის მიერ ბინის გაქირავებით მიღებული შემოსავალი ადრინდელი 12 %-ის ნაცვლად 20%-ით იბეგრება.
მანამდე უძრავი ქონების სააგენტოებში აცხადებდნენ, რომ გაქირავების შედეგად 30 ათას ლარზე ნაკლები შემოსავლის მიღების შემთხვევაში გამქირავებლებს საშემოსავლოს გადასახადის გადახდა არ ეკისრებოდათ, თუმცა, როგორც გავარკვიეთ, გაქირავების შემთხვევაში, თუნდაც შემოსავალი 30 ათას ლარზე ნაკლები იყოს, ბინის მესაკუთრე მიკრო მეწარმეთა კატეგორიაში არ შედის და შესაბამისად, ამ კატეგორიის შეღავათები მასზე არ ვრცელდება.
ამასთან, გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ სამოქალაქო რეესტრის სააგენტო მოქალაქეებს ფაქტობრივ საცხოვრებელ მისამართზე დარეგისტრირებისკენ მოუწოდებს. წინააღმდეგ შემთხვევაში მოქალაქეები შესაძლოა, იურიდიული მისამართიდან მოიხსნან, რაც პირადობის მოწმობების გაუქმებას გამოიწვევს.
სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილის გიორგი გაბრიელაშვილის განცხადებით, ხელისუფლებამ უნდა იცოდეს, რა მისამართზე იმყოფება მისი მოქალაქე და სად მოძებნოს.
მოქალაქე, რომელიც ექვს თვეზე მეტია, ახალ მისამართზე ცხოვრობს, ვალდებულია, ამ მისამართზე დარეგისტრირდეს, იმის მიუხედავად, საცხოვრებელი მისი საკუთრებაა თუ არა.
გაბრიელაშვილის თქმით, მესაკუთრეებს ხშირად ეშინიათ ნათესავისთვის ან მეგობრისთვის ნებართვის მიცემა, რომ ბინაში დარეგისტრირდეს, ვინაიდან ჰგონიათ, რომ ეს ქონებრივ უფლებებს წარმოშობს. თუმცა, მისი განმარტებით, ასეთ შემთხვევაში ქონებრივი უფლებები არ წარმოიშობა.
მისივე განმარტებით, მოქალაქეებს ახალ ფაქტობრივ მისამართზე გადასვლისთანავე შეუძლიათ დარეგისტრირება, მთავარია, მესაკუთრის თანხმობა არსებობდეს. ახალ მისამართზე დარეგისტრირების შემდეგ ახალი პირადობის მოწმობის აღება უფასოა.
რეგისტრაციის წესის შესახებ სიახლე იუსტიციის მინისტრის ბრძანებით უკვე მოქმედებს.
რეგისტრაციის წესის შესახებ სიახლე იუსტიციის მინისტრის ბრძანებით უკვე მოქმედებს.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის თამარ გურჩიანის განცხადებით, სიახლე, ფაქტობრივად, არსებული ნორმების ამოქმედების მექანიზმს ქმნის, რადგან დამქირავებლის მიერ რეგისტრაციის ვალდებულება ისედაც არსებობს. ახლა კი იმ შემთხვევაში თუკი ეს წესი დაირღვევა, მოქალაქის პირადობის მოწმობას ძალა დაეკარგება. შესაბამისად, ის დაინტერესებული იქნება ნაქირავებ ბინაში დარეგისტრირებით.
ამასთან, გურჩიანის თქმით, ეს ბინაზე არავითარ ქონებრივ უფლებებს არ წარმოშობს და ამ მხრივ მოქალაქეებს შეუძლიათ მშვიდად იყვნენ.
გურჩიანისთვის მხოლოდ ისაა ბუნდოვანი, როგორ შეძლებს სახელმწიფო იმის გარკვევას, თუ ვინ სად ცხოვრობს.
უძრავი ქონების სააგენტოს „პრივატ სერვისის“ გაყიდვების მენეჯერის ეკა ვადაჭკორიას განმარტებით, საგადასახადო კოდექსში შესულმა ცვლილებამ ბინების გაქირავება უკვე გააძვირა. ასევე გაძვირებას ელის ის სამოქალაქო რეესტრის ინიციატივის შედეგად, რადგან, დამქირავებლისა და გამქირავებელს შორის ხელშეკრულების დარეგისტრირება 51 ლარი ღირს.
„საშემოსავლო გადასახადის 20%–მდე გაზრდამ უკვე გამოიწვია ბინების გაქირავების დაახლოებით 20%–ით გაძვირება იმ შემთხვევაში, როდესაც დამქირავებელი ორგანიზაცია ან უცხოეთის მოქალაქეა. რაც შეეხება დაბალფასიან სეგმენტს, გაძვირების პროცესი აქაც შეიმჩნევა. რეგისტრაციის ახალი წესის ამოქმედების შემდეგ კი გაძვირების პროცესი კიდევ უფრო ინტენსიური გახდება, რადგან გამქირავებელთა 70–80%–ში გაჩნდა შიში, რომ კანონდარღვევას აღმოუჩენენ. ამიტომაც მათ ურჩევნიათ, ბინა კანონის დაცვით გააქირაონ და შესაბამისად, გაზრდილი თანხები ქირის გადასახადში ასახონ. რაც შეეხება დანარჩენ 20–30%–ს, ეს ყველაზე დაბალფასიანი, პერიფერიებში არსებული ბინების მფლობელები არიან, რომლებიც დამქირავებლებს წინასწარ გააფრთხილებენ, შემოწმების შემთხვევაში განაცხადონ, რომ ისინი ბინის მესაკუთრის ნათესავები არიან და იქ უფასოდ ცხოვრობენ. ასე რომ, სწორედ ეს სეგმენტი დაუმალავს სახელმწიფოს გადასახადებს, რაც, სოციალური ფონიდან გამომდინარე, ბუნებრივია,“ – აცხადებს ვადაჭკორია.
მისი თქმით, დარეგისტრირების წესი ვერც წყლისა და დასუფთავების გადასახადის საკითხს მოაგვარებს, რადგან ხელშეკრულება ორ მხარეს შორის იდება და მასში არაა განსაზღვრული, რამდენი კაცი იცხოვრებს ბინაში. შესაბამისად, ფიქსირებული გადასახადი ნებისმიერ შემთხვევაში ერთ სულზე მოვა.